ბაზალურუჯრედოვანი კიბო

 ბაზალურუჯრედოვანი კიბო, ანუ ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის ნელა პროგრესირებადი კიბოა, რომელიც უპირატესად ვითარდება კანის მზისგან  დაუცველ არეალებზე. ბაზალურუჯრედოვანი კიბო სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ზოგჯერ ის ვლინდება კანის ზედაპირიდან ამოწეული პრიალა კვანძის  სახით, რომლის ცენტრში შესაძლებელია განვითარდეს მცირე ზომის წყლული (ფოტო 8,9,11,12,13,14,15,16).

 
   
   
   
   
 
 ამ ფორმას ნოდულარული ბაზალურუჯრედოვანი კიბო ეწოდება, ის გვხვდება უმთავრესად თავის და კისრის არეში. პაციენტები აღნიშნავენ, რომ  წარმოქმნილი წყლული არ ხორცდება (ფოტო 17,18).

 
 
 
 
ზოგჯერ ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ვლინდება მოყავისფრო-მოწითლო ლაქის სახით, რომელიც უპირატესად ჩნდება ტანზე, ხელებსა და ფეხებზე (ფოტო 10,19).

 
 
 ზედაპირული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ადვილად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს კანის გამომშრალ უბნად, ეგზემად, ფსორიაზად. ამასთან ეს წარმონაქმნი არ ექვემდებარება დამარბილებლი კრემებითა და ადგილობრივი სტეროიდებით მკურნალობას.
 
ბაზალურუჯრედოვანი კიბო ლოკალიზდება ეპიდერმისის ქვედა შრეებში და ახასიათებს ნელი ზრდა, ზოგჯერ წლების მანძილზე, წარმონაქმნი არ უქმნის პაციენტს არანაირ დისკომფორტს. სიმსივნის ამ ფორმას,  როგორც წესი, არ ახასიათებს მეტასტაზები, თუმცა მკურნალობის გარეშე, იგი შესაძლებელია ჩაიზარდოს ქვეშმდებარე ქსოვილებში და გამოიწვიოს მათი დაშლა. მკურნალობა საჭიროა ქირურგიული, ან სხვა მეთოდებით.