აქტინური კერატოზი

აქტინური კერატოზი კანის ზედაპირული დაზიანებაა, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება სხეულის ღია, მზისგან დაუცველ არეალებზე  ერთეული, ან მრავლობითი მოწითალო–მოყავისფრო ლაქის სახით.  ლაქების ზედაპირი დროთა განმავლობაში ხდება აქერცვლადი, შეხებისას  უხეშია.  ზოგჯერ მათ ზედაპირზე ქერცლი მნიშვნელოვნად სქელდება და ისინი კანზე რქასავით გამოიყურებიან. ჩვეულებრივ აქტინური კერატოზები ვითარდებიან სახეზე, გულმკერდზე, ხელის ზურგზე, ყურებზე, სკალპზე (გამელოტებულ მამაკაცებში).

წითურ ადამიანებს, რომლებსაც  წლების განმავლობაში უწევდათ  მზის ულტრაიისფერი  UV-სხივების  ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (მაგ. ასრულებდნენ გარე სამუშაობს, ცხოვრობდენ მზიან ქვეყანაში), დაავადების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ. აქტინური კერატოზი წარმოიქმნება კანის ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების და  მის მიერ  ულტრაიისფერი სხივების გახანგრძლივებული ზემოქმედებით დაზიანებული კანის უჯრედების აღდგენის უნარის დაკარგვის შედეგად.

ზოგადად აქტინური კერატოზი წარმოადგენს პრეკანცეროზს, რომელიც შესაძლებელია  გადაგვარდეს კანის კიბოდ, ბრტყელუჯრედოვან კარცინომად.  შესაბამისად, აქტინური კერატოზი საჭიროებს აუცილებელ მკურნალობას.

ერთეული დაზიანებას (ფოტო 1,2,3,4) ხშირად მკურნალობენ თხიერი აზოტის სპრეით, რაც იწვევს მოყინვის შედეგად გადაგვარებულ უჯრედთა დესტრუქციას (დარღვევას).


   
 იმ შემთხვევაში, როცა კერატოზები მრავლობითია და ისინი იკავებენ შედარებით დიდ ფართს (ფოტო 6,7), მიმართავენ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა კრემებით, რომლებიც  ან იწვევენ ადგილობრივი იმუნიტეტის სტიმულაციას, ან ხდიან უჯრედებს მგრძნობიარეს სინათლის სხივისადმი, ან შეიცავენ ქიმიოთერაპიაში გამოყენებულ მედიკამენტებს.